საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„კერძოდ, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეებზე. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიების განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ს ჩათვლით ელექტროენერგიას და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების გადასახადს.