როგორც გარემოსდაცვით დეპარტამენტში აცხადებენ, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, თან იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. აღნიშნული დოკუმენტითა შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, საჯარიმო თანხას ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ცნობისთვის, მოსახლეობას შეუძლია, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).