საზოგადოება
24.12.2020 12:02
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტები დღეს და ხვალ გაიცემა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას დღეიდან დაიწყებს, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

ლია კოვზიაშვილის თქმით, წინა ეტაპის მსგავსად, პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. GMnews-ის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, სასურსათე პაკეტებში მეტი ტკბილეული იქნება განთავსებული.

„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მუნიციპალური ბაღების აღსაზრდელებეზე საკვები პროდუქტების გაცემას დღეს და ხვალ განახორციელებს. მშობლებს საბავშვო ბაღის თანამშრომლები დაუკავშირდებიან და კონკრეტულ დროზე შეუთანხმდებიან, ამასთან, პროდუქტების გაცემის პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით განხორციელდება, მშობლებმა ბაღში მისვლისას აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადე და საწერი კალამი.

რაც შეეხება სასურსათე პაკეტებს, ამჯერად 9 სახეობის პროდუქტი დარიგდება, შევეცადეთ წინასაახალწლოდ, მეტი ტკბილეული გაგვეთვალისწინებინა, გარდა ამისა, გასაცემი პროდუქტები, წინა შემთხევევბისგან განსხვავებით, ფაქტობრივად ორმაგი იქნება.

კიდევ ერთხელ გავმეორდები და გეტყვით, რომ პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე - 6000-მდე ბავშვზე - გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი 9 ნოემბრიდან დაიხურა.

კვირის ამბები