გორის მუნიციპალიტეტის მერი დაინტერესებულ საზოგადოებას 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს. კონსტანტინე თავზარაშვილი განვლილ წელს განხორციელებული სამუშოების შესახებ პრეზენტაციას 28 დეკემბერს გამართავს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ანგარიშის წარდგენის ბოლოს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ძვირფასო გორელებო! 28 დეკემბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ანგარიშს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ღონისძიება გაიმართება დისტანციურად, სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ ლაივპროგრამის საშუალებით. ეთერის მიმდინარეობისას სურვილის შემთხვევაში შეძლებთ როგორც კითხვის დასმას, ასევე თქვენი მოსაზრებების ჩვენთვის გაზიარებას. გთხოვთ შემოგვიერთდეთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.