საზოგადოება
23.12.2020 15:20
კოვიდ19-თან ერთად ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ შეიძლება ყურადღებაც არ მივაქციოთ - იმნაძე

ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს, –აღნიშნული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ამ ახალი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს.

„საზოგადოებისთვის ავხსნი – ბევრს უნახავს, ამ ვირუსს გვირგვინი რომ აქვს გამოშვერილი. აი, ამ გვირგვინზე არის ე.წ სპაიკ-ცილა, რომლის ერთ-ერთ გენში მოხდა ცვლილება და მან ოდნავ შეიცვალა თვისება. სხვათა შორის, ეს პირველად არ მომხდარა. პირველად, ერთ-ერთი ასეთი მუტაცია გაზაფხულზე იყო, ისევ ამ სპაიკ-ცილაში, რომელმაც გამოიწვია ის, რომ უხანიდან წამოსული შტამი უფრო გადამდები გახდა. მას ევროპული შტამი ჰქვია. ინგლისელი მეცნიერების აზრით, ეს კიდევ უფრო გადამდები გახდა. ამბობენ, რომ 70 %-ით მეტად გადამდებია. ამას ეპიდემიოლოგიაში ინფექციურობა ჰქვია და არსებობს მეორე, ვირულენტურობა, ანუ, რამდენად აგრესიულია ვირუსი და რამდენად მძიმე დაავადებას იწვევს ის ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. ახლაც დადის ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ისეთ მსუბუქ გაციებას იწვევენ, რომ ამას შეიძლება, ყურადღებაც არ მივაქციოთ “, – განაცხადა იმნაძემ.

 

კვირის ამბები