საზოგადოება
23.12.2020 11:44
ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი და დევნილი მოქალაქეების დახმარებაზე გათვლილი პროგრამები კიდევ უფრო გაძლიერდება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი და დევნილი მოქალაქეების დახმარებაზე გათვლილი პროგრამები კიდევ უფრო გაძლიერდება.

გახარიამ, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა.

„გლობალური პანდემიის პირობებში და ეპოქაში განსაკუთრებული სფეროები არსებობს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები - რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა.

გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით მოქმედი სახელწიფო სოციალური პროგრამები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სოციალურად შეჭირვებული, ხანდაზმული და დევნილი მოსახლეობის დახმარების კუთხით, თუმცა, ცხადია, რომ ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამეთუ თითოეული ჩვენი სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულის, დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელწმიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ ის პროგრამები, რომელიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება,“ - განაცხადა გახარიამ.

კვირის ამბები