21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, - აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 05:00 საათამდე, გამონაკლისი მხოლოდ ახალიწლის ღამეს და შობის ღამეს დაიშვება. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან და დამდეგი ახალი წელი ვიწრო წრეში აღნიშნონ. ძალიან დიდ ფასს ვიხდით, ყველა ამ ერთი მხრივ, შეზღუდვებისთვის და მეორე მხრივ, ყველა შეზღუდვის მოხსნითაც თანამოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ, ერთობა, სოლიდარობა, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ეპიდემიის პირველი ტალღა წარმატებით გვემართა. ჩვენ ასევე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეორე ტალღას და შესაბამისად, ვთხოვთ ყველას, კვლავ დაიცვან ყველა რეგულაცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.