24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ უკვე დადგენილ და ასევე დამატებით წესებს დაიცავენ.
„მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება, მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი“, - აღნიშნა მან.
ამასთან, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. უპრობლემოდ განაგრძობენ მუშაობას აგრარული ბაზრები, იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.