ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის. მათივე ინფორმაციით, ეს პანდემიის ევულუციის ნორმალური ნაწილია.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრა ისე, როგორც არის, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ვირუსის ევოლუციის ნორმალური ნაწილია”, - განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ონლაინ ბრიფინგზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. გაერთიანებული სამეფოს გარდა კორონავირუსის ახალი სახეობა ნიდერლანდებში, დანიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც აღმოჩნდა.