81 წლის წინ, 1939 წლის 21 დეკემბერს, გაიხსნა გორის თეატრის შენობა, რომლის პროექტიც შალვა თავაძეს ეკუთვნოდა, ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე 1940 წლის 30 იანვარს გაიმართა. რაც შეეხება სპექტაკლს, თეატრისმოყვარულებმა, იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე” (რეჟისორი პ. ფრანგიშვილი) იხილეს. მოგვიანებით, 1947 წელს, გორის თეატრს ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.
„1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა. 1939 წლის დასასრულს გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს. თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო 1940 წლის 30 იანვარს — იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“. რეჟისორი პ. ფრანგიშვილი მხატვარი — ა. ჟორდანია“, - აღნიშნულია ისტორიულ ჩანაწერებში
შეგახსენებთ, რომ გორი, არამარტო თეატრის შენობის სიძველით და არქიტექტურით ამაყობს, პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა, დედაქალაქზე გაცილებით ადრე, სწორედ გორში შეინიშნებოდა. XIX საუკუნის 40-იან წლებში, სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენა გორში გაიმართა. 1845 წლის 1-8 მაისსა და ამავე წლის 11 ივლისს და 7 აგვისტოს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია - „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“დაუდგამთ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა.