ყველა პირი მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში, - შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღნიშნული გარადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, ამასთან, საქართველოს დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ ეტაპზე არ აქვს.
„ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების როგორც მიზანშეწონილობაზე, ასევე, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებზე.