ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავამ ბრიფინგზე 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ისაუბრა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 184 668-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 177 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 მოქალაქე.