გორში, სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. GMnews-ის ინფორმაციით, 660 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო დროებით იყო შეფერხებული, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, პრობლემა უკვე მოგვარდა და ისტორიულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი აღდგა.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქუჩის სამანქანო და საფეხმავლო გზებისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ტროტუარზე მოეწყობა ქვაფენილი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის გარეგანათება, დეკორატიული სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, მოეწყობა გამწვანების ზოლი. პროექტი, ასევე, მოიცავს ყველა ტიპის კომუნიკაციის (ელექტროსადენები, გაზის, წყლის და კანალიზაციის) ახალი მიწისქვეშა ქსელების მოწყობას, რაც აქამდე აღნიშნულ ქუჩას არ ჰქონია.
„ჩვენი, ყველა გორელის დიდი სურვილი იყო, რომ ისტორიულ სამეფო ქუჩას რეაბილიტაცია ჩატარებოდა. თქვენ იცით, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა, ობიექტური მიზეზის გამო დროებით შეფერხდა. საჭირო გახდა პროექტის კორექტირება, რის გამოც სამუშაოების განახლება დღემდე ვერ მოხერხდა. 660 მეტრი სიგრძის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას 2 053 186 ლარი მოხმარდება. ტენდერის პირობების მიხედვით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.