საზოგადოება
19.12.2020 10:24
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ნიკოლოზი მართლმადიდებელი, კათოლიკური, ანგლიკანური და ლითერანული ეკლესიის წმინდანია. მისი ხსენების დღეს, ეკლესია წელიწადში ორჯერ 19 დეკემბერს (გარდაცვალების დღეს) და 22 მაისს (მისი წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღე) აღნიშნავს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა ჩვილობიდანვე გამოამჟღავნა - ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და ღრმად მოხუცებული მიიცვალა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად კი, მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კვირის ამბები