საზოგადოება
17.12.2020 15:10
ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, თავი ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს - გახარია

წელს, ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში აღნიშნული, თავი უნდა ავარიდოთ ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა,  ეკონომიკის შემდგომი აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს. გიორგი გახარიამ, ასევე,  პირბადის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი.

„წელს განსაკუთრებული წელია, ქვეყნის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის გათვალიწინებით, ამიტომ ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს. პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს მაჩვენებელი 90-95%-მდე ავიყვანოთ. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

კვირის ამბები