მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დეტალურად განმარტა, თუ რა გზა უნდა გაიაროს დაინტერესებულმა ინვესტორმა სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისთვის.
„დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მორიგი ცვლილებები და დაზუსტებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. მათ შორის, ვფიქრობ, რომ საყურადღებოა რამდენიმე ცვლილება. ჩვენს ბიზნესებს მოეხსენებათ, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მოქმედებს ამ პროგრამის ფარგლებში, როდესაც ჩვენ გადავცემთ 1-ლარად ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო ვალდებულებების და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. ეს პრაქტიკა აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. ჩვენ ახლა გავაფართოვეთ იმ დარგების ჩამონათვალი, თუ რა დარგებში შეიძლება, რომ ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. ამისთვის მიმართავს ჩვენს ქონების მართვის სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით, ინვესტიციის აღების ვალდებულებით და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ მას ეს მიწა გადაეცემა. ეს დარგები არის - სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად, სადაც დასაქმების დიდი შესაძლებლობა იქმნება, ეს არის ასევე ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარის და ჩარხების წარმოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ანუ ლოჯისტიკური სერვისები და საწყობები, ასევე აქ არის პროფესიული ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, საწარმოებს კონკრეტულ ვადებში, კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვება აღარ მოუწევთ. ამასთან, ნათია თურნავამ ისიც განმარტა, რომ პროგრამაში შევიდა დაზუსტება, რომლის თანახმადაც ტურისტული სერვისების ინდუსტრიას სახელმწიფოს სუბსიდირება იმის მიუხედავად ჩაერიცხებათ, რამდენად დროულად გადაიხადეს მათ თავისი თანამონაწილეობის წილი.