საზოგადოება
17.12.2020 14:12
რა მასშტაბით მოიხსნება შეზღუდვები 24 დეკემბრის შემდეგ - მთავრობა გადაწყვეტილებას ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს

ხელისუფლება ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ინფექციის შეჩერებული ზრდა მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ეს არ არის არანაირი შედეგი. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ გამორიცხავს, რომ არსებული შეზღუდვების მაქსიმალურად გაფართოების საჭიროება დადგეს.

„ინფექციის შეჩერებული ზრდა მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და სხვას არაფერს. ეს არ არის არანაირი შედეგი. ამით ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უკვე ცალსახად ინფექციის კლება გვაქვს. ამიტომ, შეიძლება იყოს შეზღუდვები მაქსიმალურად გაფართოებული. ძალიან ფრთხილები ვიქნებით ჩვენს გადწყვეტილებაში. მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სამინისტოს და ეკონომიკური გუნდის კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც დღეს, ხვალ და შემდეგ დღეებში გაიმართება. ასევე, აქ ჩართული არის შრომითი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც როგორც რეგულაციების კუთხით, ასევე შემდგომი კონტროლის თვალსაზრისით არის ამ პროცესში ჩართული. ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კვირის ამბები