საზოგადოება
17.12.2020 10:39
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახლს 212 ოჯახს აუშენებენ - დევნილთა განაცხადები 24 დეკემბრის ჩათვლით მიიღება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.

 „გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი და წარმატებული თანაშრომლების შედეგად გამოყოფილმა გრანტმა შესაძლებლობა მოგვცა უნიკალური პროექტი განგვეხორციელებინა, რომელიც დევნილ ოჯახებისთვის მათივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლების აშენებას ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა

დევნილი ოჯახები აპლიკაციის  შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეძლებენ. დაინტერესებულ პირებს,  განაცხადების წარდგენა გორში, სამების ქუჩა N1- ში მდებარე დაწესებულებაში 24 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

როგორც GMnews-სთვის ცნობილია, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც  ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

 

 

კვირის ამბები