იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, - აღნიშნულ ინფორმაციას თავად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამის ბენეფიციარები 2 000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ან მის ტერიტორიულ სამმართველოებს, შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი სამების ქუჩა N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა, ასევე, შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - info@idp.gov.ge.
ცნობისთვის, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადის შევსების ვადა 29 იანვარს იწურება.