მეათე მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.
კომიტეტის სხდომაზე სოზარ სუბარმა პირველ მოადგილედ, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.
რაც შეეხება კომიტეტის ერთ-ერთი მოადგილის პოზიციას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით - ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება. შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სწორედ ამ დებულების მიხედვით გააგრძელებს თავის საქმიანობას მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.
ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში, სხვა კომიტეტების მსგავსად, ვაკანტურად რჩება თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც კანდიდატურა ოპოზიციამ უნდა წარადგინოს.