საზოგადოება
15.12.2020 11:01
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავამ ბრიფინგზე დღეის მდგომარეობით არსებულ უახლესი სტატისტიკური მონაცემებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე აშკარაა, გაორმაგებული ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, უკვე სახეზეა, დაწესებული შეზღუდვების ეფექტი და ინფიცირების გავრცელების შემცირება.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 194 900-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 164 786-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი. 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 18 761 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 969 მოქალაქე.

კვირის ამბები