საზოგადოება
15.12.2020 11:23
ჩვენი რანგის ქვეყნებს შორის ვიქნებით პირველი, მსოფლიოსა და ევროპაში კი ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინას მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო სხვებზე ადრე დაფიქსირდა, როგორც ვაქცინის მიღების მსურველი და უკვე წინსწრებით გადაიხადა ოთხი მილიონი დოლარი, რაც არის გარანტია, რომ ერთ-ერთი პირველი მივიღებთ ვაქცინას, – აღნიშნულის შესახებ „კოვიდ19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო მისი რანგის ქვეყნებს იქნება პირველი, მსოფლიოსა და ევროპაში კი ერთ-ერთი პირველი, ვინც  კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

„პირველი არის ბრიტანეთი. მან დაიწყო უკვე. მეორე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ასევე დაიწყებს. ამას მოჰყვება გერმანია და სხვა ქვეყნები, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, ჩვენ ვიქნებით პირველი ჩვენი რანგის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში და ევროპაში, ვინც მიიღებს ვაქცინას. ეს არის ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჩვენი ძალიან გამიზნული და სწორი ქმედებების შედეგი. საქართველო სხვებზე ადრე დაფიქსირდა, როგორც ამ ვაქცინის მიღების მსურველი და უკვე წინსწრებით გადაიხადა ოთხი მილიონი დოლარი, რაც არის გარანტია, რომ ერთ-ერთი პირველი მივიღებთ ამ ვაქცინას. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გაიკეთებენ ხანდაზმულები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, რისკის ჯგუფები, ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები და აგრეთვე ჯანდაცვის მუშაკები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კვირის ამბები