2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ექსპორტირებული პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარითაა გაზარდილი.
მიმდინარე წელს, ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (6 456 ტონა). რუსეთის ფედერაციის გარდა, ქართული ვაშლი, ასევე, გავიდა ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.
რაც შეეხება ფერმერებისთვის ამ მიმართულებით გაწეულ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, გეტყვით, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზეა გაშენებული. მამუკა ლომსაძის თქმით, აქედან, 700 ჰექტარი პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლში გაშენდა.