საზოგადოება
14.12.2020 12:57
შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები დაანონსებულ ვადებში - ამირან გამყრელიძის განმარტება

მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტიებებში გაცილებით რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, ბალანსირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს საკითხი იყო დღევანდელი სხდომის განხილვის საგანი და საკოორდინაციო საბჭო შეჯერდა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები კვირის ბოლოს მივიღოთ, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნას, ან არ იქნას შემსუბუქება. ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ორთვიანი შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში დაგეგმილია შეზღუდვების შემსუბუქება - ქვეყნის მასშტაბით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვრიდან კი - ქვეყნის მასშტაბით აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ქვეყანაში 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

კვირის ამბები