ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების რიგით მე-6 ტექნიკური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებაზე, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე შექმნილ ვითარებასა და ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნაზე იმსჯელებენ.
„ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ პრინციპულად დავაყენოთ ყველა ის საკითხი, რომელზე სასაუბროდაც მოვედით. დღის წესრიგში არის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ირაკლი ანთაძის თქმით, სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავებაც ერთიანი კონტექსტის ნაწილია და შეხვედრაზე ეს საკითხებიც განხილული იქნება.