გორის მუნიციპალიტეტის მერიას 10 ავტობუსი გადაეცა და დღეიდან, 1998 წლის შემდეგ პირველად, გორს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. პირველ ეტაპზე რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან, გორს 10 დღეს გადაეცა, მომდევნო ეტაპზე კი, გორის ავტოპარკს დამატებით 20 ერთეული ავტობუსი შეემატება.
ავტობუსების გადაცემის პროცესი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
„მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას. სასიამოვნო ფაქტია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. საწყის ეტაპზე მივიღეთ 10 ერთეული ტექნიკა, მოკლე ხანში კი, დამატებით 20 ავტობუსიც შემოვა. როგორც იცით, ავტობუსები გადანაწილდება როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლების სხვადასხვა მარშრუტებზე, ამასთან, მოსახლეობა შეძლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით ისარგებლოს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, გორს ამ ეტაპისთვის, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი. დამატებითი 20 ერთეულიდან, 12 მათგანი 83 მგზავრზე იქნება გათვლილი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახლო მომავალში განხორციელდება ახლადშემოყვანილი ავტობუსების დაზღვევა და ასევე, შერჩეული მძღოლების გადამზადება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპლოატაციაში შესვლის ვადებს, სააგენტოს ხელმძღვანელი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა, როგორც ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, ჩასატარებელი აქტივობების გათვალისწინებით, ახალი ავტობუსები ქალაქის და მუნიციპალიტეტის ქუჩებში სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდან გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. ავტობუსები თელავს, ფოთს, გორს, ზუგდიდს, რუსთავსა და ქუთაისს ეტაპობრივად გადაეცემა.