საზოგადოება
11.12.2020 13:01
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს - სესიას 88 წევრი ესწრება

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კახაძეს გადაეცა, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, ახლადარჩეული პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

დეპუტატებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის არჩევნების შედეგებს წარუდგენს, თამარ ჟვანია ასევე, წარადგენს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს და ამისთვის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის ხმა იქნება საჭირო. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე ირჩევენ კომიტეტის თავმჯდომარეებსაც.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს და პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“ - მოაწერა.

კვირის ამბები