ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 150 461-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 138 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 637 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი.