ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქალაქის საახალწლო ილუმინაციებით განათებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობა, დამდეგი 2021 წლის შესახვედრად გასართობ ღონისძიებებს არ გეგმავს.
„საახალწლო სამზადისი წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში თითქმის დასრულდა საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში კი, ნაძვის ხის აწობა-მორთვასაც დავასრულებთ და 20 დეკემბერს სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, რომ მსგავსი აქტივობების მოწყობა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, წელს არ იგეგმება. ბუნებრივია, მასობრივი თავშეყრის ასაცილებლად არ დაგვიგეგმავს მთავარი საახალწლო ღონისძიებაც, რომელსაც, ტრადიციულად, 31 დეკემბერს ვმართავდით“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.