საზოგადოება
10.12.2020 11:17
საქართველოში კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე 10 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი.

3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 18 496 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 019 პირი.

კვირის ამბები