მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო, ბენეფიციარებისთვის კუთვნილი კომპენსაციების დარიცხვა გუშინ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დახმარება 14 302 პირმა უკვე მიიღო.
უწყების ცნობით, დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.
როგორც ცნობილია, წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხასა და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი, 3 სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, ვინც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - https://eservices.rs.ge.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
ცნობისთვის, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.