საზოგადოება
09.12.2020 11:37
ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აბიტურიენტებისთვის მთლიანი სივრცისა და ინფრასტრუქტურის ვირტუალური ტური შექმნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მთლიანი სივრცისა და ინფრასტრუქტურის ვირტუალური ტური შექმნა. საგანმანათლებლო დაწესებულების განმარტებით, აბიტურიენტებისთვის აღნიშნული სერვისის შეთავაზება Covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

„ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები: ღია კარის დღეები, გასვლითი შეხვედრები რეგიონებში, მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენებში და სხვა. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის ფონზე შეუძლებელი გახდა აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და ძირითადმა აქტივობებმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. ამიტომ, შეიქმნა აკადემიის მთლიანი სივრცისა და ინფრასტრუქტურის ვირტუალური ტური, რაც დაინტერესებულ აბიტურიენტებს დაეხმარება სოციალური ქსელის მეშვეობით დაათვალიერონ, გაეცნონ აკადემიის ინფრასტრუქტურას და სამუშაო სივრცეს. აქვე დავამატებთ, რომ აკადემიის ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, ვირტუალური ტურის სრულყოფილ ვერსიას შემოგთავაზებთ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდგომ“, - აღნიშნავენ სამხედრო აკადემიაში.

დაინტერესებულ პირებს, ვირტუალური ტურის ხილვა აკადემიის ვებგვერდზე (https://eta.edu.ge/360/) შეუძლიათ.

კვირის ამბები