„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მხოლოდ იუსტიციის სახლში განცხადება საკმარისი აღარ იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე აუცილებელი იქნება, მოქალაქემ წარადგინოს დასტური, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
„2019 წლის პირველი ნოემბრიდან ახალი წესი შევა ძალაში. როდესაც დავკარგავთ ან მოგვპარავენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, ამის შესახებ იუსტიციის სახლისთვის ან ჩვენი სხვა ტერიტორიულ სამსახურებისთვის შეტყობინება საკმარისი აღარ იქნება. ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა, რომ აღნიშნული შესახებ პოლიციაში განაცხადა. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ჩვენ მოქალქეებს, არამედ ყველას ვინც უცხოეთში იმყოფება. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები იმ ქვეყნის დადგენილი წესით, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან, ჯერ უნდა მივიდნენ შესაბამის ორგანოში, ეს იქნება პოლიცია თუ სხვა, განაცხადონ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაკარგეს ან მოპარეს და იქიდან წამოღებული ცნობით მივიდნენ საკონსულოში. მხოლოდ ამ ცნობით შეიძლება დაკარგული ან მოპარული პასპორტის ჩანაცვლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაა.
„ევროპულ ქვეყანებში, ხშირად საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, აცხადებს, რომ დაკარგა ან მოპარეს პასპორტი. სინამდვილეში ეს ასე არაა. რეალურად მოქალაქე ინარჩუნებს ორ სამგზავრო დოკუმენტს, რაც, ევროპული ქვეყნებისთვის და მათი სამართალდამცველი ორგანოებისთვის უდიდესი პრობლემაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.