საზოგადოება
08.12.2020 15:51
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას, ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია და დასაქმდეთ ტურისტულ ან საზღვაო სფეროში; თუ წარმოადგენთ პროფესიულ სასწვლებელს და გსურთ პროფესიული პროგრამების განვითარება ტურისტული ან საზღვაო მიმართულებებით; თუ გაქვთ ბიზნესი ტურისტულ ან საზღვაო სექტორში და გჭირდებათ მაღალკვალიფიციური კადრები - ეს პროექტი თქვენთვისაა!

აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ხვალ, 9 დეკემბერს, სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის LIVE ჩართვაზე, რომელიც 12:30 საათზე დაიწყება და მისი თვალის დევნება პლატფორმაზე https://www.facebook.com/ngoEDEC შეგეძლებათ.

პროექტის ხანგრძლივობა 36 თვეს გასტან და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 2 სპეციფიკურ მიზანს ემსახურება: სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და კერძო-საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

„პროექტის ფარგლებში, 3 240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნას და გაიუმჯობესებს შრომის უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი,  საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება,“ - აცხადებენ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში (EDEC).

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

კვირის ამბები