ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.
შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა,“ - განაცხადა ბერდია იჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 123 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16 067 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 186 ადამიანი.