ინტენსიური ტესტირება, რომელიც დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს, უკვე დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 37 ადამიანი.
,,ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR.
სწორედ ამის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 116.
განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ.