საზოგადოება
05.12.2020 02:01
დავლოცე, ჩავეხუტე, შუბლზე ვაკოცე და გავუშვი ომში, ეს ერთი ცალი მყავს, გული გახეთქვას მაქვს, დამიბრუნება ცოცხალი?! ხომ გადარჩება?!

დავლოცე, ჩავეხუტე, შუბლზე ვაკოცე და გავუშვი ომში, ეს ერთი ცალი მყავს, გული გახეთქვას მაქვს, დამიბრუნება ცოცხალი?! - ჩემი და ერთ-ერთი დედის კერძო მიმოწერიდან, - აღნიშნულის შესახებ, ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთეკურსელის, გორელი მარიამ მამაგულაშვილის დედასთან კერძო მიმოწერის ფრაგმენტს აქვეყნებს.

მარიამ მამაგულაშვილი კოვიდის მართვის პროცესში მომავალ კოლეგებთან ერთად ჩაერთო.

,,ეს რა კოშმარია, ომში ან აკოფში დაიმალები ან ტანკში, ქიმიურ ომს კი ვერ დაემალები, მითუმეტეს - ექიმი...

ახლა წინა ხაზზეა, თუმცა, შეეძლო, უარი ეთქვა, მაგრამ გადაწყვიტა, წასულიყო. მკითხა აზრი და ხელი არ შემიშლია, ვუთხარი - ეგ გმირობის ტოლფასია, დიდი რისკია და არ იცი, შინ რა მდგომარეობით დაბრუნდები, მაგრამ რასაც გული გკარნახობს, ისე მოიქეცი, მინდა, რომ ძლიერი იყო მეთქი...

დავლოცე, ჩავეხუტე, შუბლზე ვაკოცე და გავუშვი ომში.

გაუსაძლისად მენატრება, ეს ერთი ცალი მყავს, გული გახეთქვას მაქვს, დამიბრუნება ცოცხალი?! ხომ გადარჩება?!

მის გარეშე მოვკვდები, მარიამი ჩემთვის ყველაფერია, ჩემთვის სამყაროს უსასრულობაა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერია.

ხან საშინელი პესიმიზმი შემიპყრობს, ვტირი ახლა, მაგრამ ყველაზე ამაყი დედა ვარ, ადამიანებს ეხმარება, რომ იცოცხლონ...

მაპატიე, რაღაცნაირად შიშმა ამიტანა თავს მოგახვიე, არ ვაჩენ დარდს, მაგრამ რაღაცნაირად ავღელდი, მენატრება…" - ეს სიტყვები ჩემი და ,,ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებლის კერძო მიმოწერიდან გახლავთ. თიკო ხუციშვილმა დღეს საღამოს შემომჩივლა და დარდი გამიზიარა თავის ერთაზე. მეც დედისერთა ვარ, მეც ვყოფილვარ ომში - შეიარაღეულ ომში და ზუსტად ვიცი, რას განიცდიდა მაშინ დედაჩემი, მეც ერთი შვილი მყავს და ორმაგად მესმის მარიამ მამაგულაშვილის დედის დარდი...

მარიამ მამაგულაშვილი გორელი გახლავთ, 22 წლისაა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, მანამდე კი, გორის მე-3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თსსუ-ში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. იმასაც გეტყვით, რომ მეხუთე წელია, პრეზიდენტის სტიპენდიანტია, მოკლედ, ყოჩაღი გოგოა და დარწმუნებული ვარ, მომავალ კოლეგებთან ერთად, კოვიდის მართვის პროცესსაც წარმატებით გაართმევს თავს და მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნდება ამ ომიდან.

ექიმებთან, ექთნებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან ერთად, დიდი მადლობა სამედიცინო ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რეზიდენტებს, რომლებიც საკუთარი სურვილით ჩაებნენ სიცოცხლის გადასარჩენად მიმდინარე ომში",- წერს ია თინიკაშვილი.

კვირის ამბები