საზოგადოება
04.12.2020 12:11
სად და როგორ უნდა გაიაროს მოქალაქემ რეგისტრაცია 300 ლარიანი დახმარების მისაღებად

300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. GMnews გაგაცნობთ, თუ სად და როგორ უნდა გაიაროს მოქალაქემ რეგისრაცია 300 ლარიანი დახმარების მისაღებად.

GMnews-ის ინფორმაციით, კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია პორტალზე - https://eservices.rs.ge - იქნება შესაძლებელი. მომხმარებლის პროფილზე შესვლისას გამოჩნდება სპეციალური ფანჯარა, რომელშიც საჭირო მონაცემები უნდა შეიყვანონ.

„იმ პირებმა, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელებისუფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

ამასთან, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო თავის მხრივ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციის ჩარიცხვას“, - ნათქამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

კვირის ამბები