ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 13 779 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 241 ადამიანი.