გორის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა საზოგადოებასა და გარემოში ადაპტაციის ხელშეწყობის არაერთ ღონისძიებას აფინანსებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირთა საზოგადოებასა და გარემოში ადაპტირების ხელშეწყობის არაერთ ღონისძიებას აფინანსებს. თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გორის მერია ახორციელებს შშმ პირების საჭიროებებს ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა პროექტი ითვალისწინებს პანდუსების მშენებლობას.
შშმ პირების დახმარებას ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების მუნიციპალური პროგრამაც, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებს მკურნალობის ხარჯების დაფარვას და ფულად დახმარებას სთავაზობს. ფულადი შემწეობებია გათვალისწინებული, ასევე, მხედველობადაქვეითებული და სმენადაქვეითებული შშმ პირებისთვისაც. გარდა ამისა, სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მერია აფინასებს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“, რომელიც შშმ პირებს (25 შშმ პირი) ემსახურება. რაშიც, მერიის თანადაფინასების წილი 62 505 ლარს შეადგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მერიაში დასაქმებულია 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც.
„2020 წელს გორის მერიის ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 - მდე შშმ პირმა ისარგებლა. მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი გამოიყო.საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ დახმარებებს, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა შშმ პირებისთვის ითვალისწინებს: ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები - 500 ლარი;
დაუნის სინდრომით დაავადებული პირები - 500 ლარი; გლუტენის დაავადები მქონე
პირები - 500 ლარი; ფენილკეტონურიით დაავადებული პირები - 500 ლარი;
ჰიდროცეფალიით დაავადებული პირები - 500 ლარი; ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული პირები - 500 ლარი; აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის(0-დან 18 წლამდე) სამედიცინო სტაციონარული ამბულატორიული მომსახურება (კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები) და მედიკამენტები- 2000 ლარი. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს განცხადება საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად,“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმარტველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მისი მიზანია შშმ პირების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის, მათი საჭიროებების კიდევ ერთხელ შეხსენება.