საზოგადოება
02.12.2020 13:58
საქართველო ვაქცინის შემოსატანად ორი მიმართულებით მუშაობს, კოვაქს პლატფორმაზე და უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან - ამირან გამყრელიძე

უნდა ვიმუშავოთ ორივე გზით, როგორც კოვაქს პლატფორმის, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ქვეყანაში ვაქცინა, პირველ რიგში იმ რისკჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები და ცნობილი რისკჯგუფები.

„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქს პლატფორმაზე, გადახდილი გვაქვს პირველადი შენატანი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. კოვაქსი შეისყიდის 4-5 ვაქცინას მაინც - „მოდერნას“ „ფაიზერის“, „გლაქსოსმიტკლაინის“, „ასტრაზენეკასი“ თუ სხვა და ჩვენ გვექნება მისი არჩევის უფლება, რომელს მიიღებს საქართველო. კოვაქს პლატფორის მექანიზმი ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, მარტ-აპრილში. მანამდე კი, ჩვენ, პარალელურად, ვმუშაობთ რამდენიმე მწარმოებელთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, შექმნილია მაკოორდინირებელი კომიტეტი, სადაც დღეს, 14:00 საათზე არის ონალინ სხდომა ჩვენს დონორებთან ერთად. უნდა ვიმუშავოთ ორივე გზით, როგორც კოვაქს პლატფორმის, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ქვეყანაში ვაქცინა, პირველ რიგში იმ რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. აქ იქნება სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები და ცნობილი რისკჯგუფები“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები