15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ, - აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალშობილის მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად უმჯობესდება სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი.
„პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების, ასევე, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებისთვის გათვალისწინებულ 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობასაც შეძლებენ.
სოციალური პაკეტის მეორე კომპონენტი სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღმა მოქალაქეებზე ვრცელდება. სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა. დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს.