კონფლიქტები
24.10.2019 14:44
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული უწყებათშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამის ეფექტურობის გაზრდას, პროცესში ჩართულ უწყებებს შორის მეტ კოორდინაციასა და არსებული მონაცემების ცენტრალიზებას შეუწყობს ხელს, - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება, შედის ყველა ის უწყება, რომელიც ამ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროცესშია ჩართული.

„1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგულად 2500-მდე ადამიანი ითვლება. 2010 წლიდან „წითელი ჯვრის“ ეგიდით ორი ჰუმანიტარული პლატფორმა ფუნქციონირებს: ორმხრივი - ქართულ-აფხაზური და სამმხრივი - ქართულ-რუსულ-ოსური მექანიზმები. მათ ფარგლებში მოხერხდა 187 სამარხის გახსნა. ეგზჰუმირებული და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი იქნა. მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, საერთო მაჩვენებელს თუ შევადარებთ, აშკარა ხდება, რომ 2300-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში რჩება, რაც ძალიან დიდი რიცხვია. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. რა თქმა უნდა, „წითელ ჯვართან“ ერთად, რომელიც ამ პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მინდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციას დიდი მადლობა გადავუხადო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის. ასევე, მინდა მექანიზმების ყველა მონაწილეს გადავუხადო მადლობა, რადგან თანამშრომლობის გარეშე, ცხადია, არაფერი გამოვა. კომისიის მთავარი ამოცანაა, პროცესის წარმართვა ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად შევძლოთ. მითუფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ, ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მოუწოდა კომისიას მიმართოს.

კვირის ამბები