საზოგადოება
30.11.2020 12:05
შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის,  სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

როგორც უწყებაში ამბობენ, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადის გაკეთებას 28 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  მიმდინარეობს.  პროექტით დაინტერესებულ პირების შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა გორში,  სამების ქუჩა N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –info@idp. gov. ge

GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული პროგრამის  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

 

კვირის ამბები