ვრცელდება თუ არა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეგულაცია სოფლის სკოლებზე
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი შეზღუდვების შესახებ, საჯარო სკოლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება დიდ ქალაქებზე - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში.
GMnews დაინტერესდა, რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში. როგორც GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, მთავრობის გადაწყვეტილება მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებზე (ასევე კერძო სკოლებზე) ვრცელდება და სოფლად არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში განაგრძობენ. ბუნებრივია იმ გამონაკლისების გარდა, როცა სკოლაში ვირუსი ფიქსირდება (ასეთ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში გადადის კონკრეტული კლასი, ან მთლიანად სასწავლო დაწესებულება).
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.