ბოლო პერიოდში, ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორისაა, თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ განვასხვაოთ სეზონური ვირუსი და კორონავირუსი ერთმანეთისგან და ზოგადად, რა ეტაპებს გადის ორგანიზმი კოვიდ 19-ით დაინფიცირებიდან სრულ განკურნებამდე. გახსოვდეთ, ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რამდენად სანდო წყაროდან იღებთ ინფორმაციასა და რჩევებს. GMnews-ის ქვემოთ მოცემულ სტატიაში, ამჯერად, გაეცნობით ინფორმაციას ახალი კორონავირუსის, ანუ SARS-COV-2 -ის ინფექციის კლინიკური კლასიფიკაციის შესახებ. ზოგადად, SARS-CoV-2 ინფექციის კლინიკური გამოვლინება მოზრდილ და ზრდასრულ პაციენტებში, სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა, დაიყოს ხუთ ჯგუფად, თუმცა, ჯგუფებს შორის, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრიტერიუმების თანხვედრას, ხოლო პაციენტის კლინიკური სტატუსი შეიცვალოს დროთა განმავლობაში. კოვიდ19-ის კლინიკური გამოვლინებები ასე გამოიყურება: ასიმპტომური ან პრესიმპტომური ინფექცია: პირები, რომელთაც ვირუსოლოგიური ტესტით (ანტიგენური ან მოლეკულური) უდასტურდებათ SARS-CoV-2 ვირუსის არსებობა, მაგრამ არ აღენიშნებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ასევე, არ ვლინდება ცვლილებები გულმკერდის რენტგენზე. მსუბუქი ინფექცია: პირები, რომელთაც აღენიშნებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი (მაგ.: ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა), მაგრამ არ აქვთ გამოხატული სუნთქვის გაძნელება, ქოშინი ან პათოლოგია გულმკერდის გამოსახვით კვლევაზე. საშუალო სიმძიმის ინფექცია: პირები, რომელთა კლინიკური სტატუსის შეფასების ან გამოსახვითი კვლევის დროს, ვლინდება ქვემო სასუნთქი გზების დაავადების ნიშნები და რომელთა ჟანგბადის სატურაცია ზღვის დონეზე, ოთახის ჰაერის პირობებში ≥94% (SpO2 ≥94%). გამოხატულია პნევმონიის კლინიკური ნიშნები: ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, მდგრადი ცხელება, დასაწყისში მშრალი ხველა, შემდეგ კი, პროდუქტიული, ფილტვის აუსკულტაციით (მოსმენა შინაგანი ორგანოების გმაოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოქმნილი ხმიანობის მოსმენით) მოისმინება პათოლოგიური ხმიანობა. მძიმე მიმდინარეობა: პირები, რომელთა SpO2 30/წუთში, ან სახეზეა ფილტვის ქსოვილის >50% ინფილტრაციული დაზიანება და ა.შ. კლინიკური დამძიმება როგორც წესი იწყება ერთ კვირაში. მისი საწყისი სიმპტომები კი, შეიძლება იყოს დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან. კრიტიკული მიმდინარეობა: პირები, რომელთაც გამოხატული აქვთ სუნთქვის უკმარისობა, სეპტიური შოკი და/ან მულტიორგანული დისფუნქცია. გახსოვდეთ, ახლა გაციების სეზონია და ბუნებრივია, გარემოში უამრავი სხვა ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, რომელსაც კოვიდ 19-ის მსგავსი სიმპტომები აქვს: ხველა, სიცხე, სურდო და სხვა. კორონავირუსული ინფექციისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, რომელიც შეიძლება უეცრად არ დაიწყოს. მაგალითად, გრიპისგან განსხვავებით 39-40 გრადუსი ტემპერატურით, არამედ იყოს ტემპერატურის ნელი, დუნე მატება; ასევე მშრალი ხველა, რომელმაც შეიძლება შეტევითი ხასიათი მიიღოს და ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომლის დოსაც უნდა მიმართონ ექიმს. ამიტომ ინფექციონისტები პაციენტებს ურჩევენ, რომ გაციების სიმპტომების დროს ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, არამედ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რათა მათი მდგომარეობა დროულად შეფასდეს.