ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაშურისა და სურამის მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს. მოქალაქეებთან შესახვედრად, ადგილზე პარლამენტის წევრები, თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები და გუბერნატორის მოადგილე ჩავიდნენ.
შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმა ძირითად პრობლემად, წყლისა და ქალაქის შიდა გზების მოწესრიგება დაასახელეს. როგორც ხაშურის მერმა აღნიშნა, ადგილობრივების მხრიდან გაჟღერებული ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. გაზაფხულიდან დაიწყება ქალაქის სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ახლო მომავალში გადაიჭრება მრავალბინიან კორპუსებში გადახურვისა და ამორტიზებული ლიფტების შეკეთების საკითხებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია მომავალი პროექტების ეფექტურად დაგეგმვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.