28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის რვა ქალაქში შემდეგი სახის შეზღუდვები იმოქმედებს:
„ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას“, - აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, აღნიშნულ ქალაქებზე ვრცედება ის შეზღუდვებიც, რაც ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway; „დელივერი“ ; „დრაივი“); ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.