საზოგადოება
26.11.2020 14:03
გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შეფუთვაში მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს - ნახეთ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის განმარტება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გუშინ გაცემული პროდუქტის ნაწილში, მშობლებმა ჭია აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, შვრიის ნაწილი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც GMnews უცვლელად გთავაზობთ:

„გორის მუნიციპალიტეტის ბაღების აღსაზრდელების მშობლების საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამოდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია. (რადგან შვრია იყო შეფუთული, შეუძლებელი იყო ამ პრობლემის აღმოჩენა ჩვენი მხრიდან). ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ბაღებმა უზრუნველჰყვეს აღსაზრდელების მშობლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოხდება შვრიის ამოღება და მომავალ თვეში ჩანაცვლდება აღნიშნული პროდუქტი.“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ყველა აღსაზრდელზე საკვები პროდუქტები გაიცა. სასურსათე კალათაში შვრიასთან ერთად, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, მანის ბურღული, კვერცხი, შედედებული რძე და ზეთი იყო მოთავსებული.

კვირის ამბები