გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.
პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. დევნილი ოჯახები აპლიკაციის შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეძლებენ. დაინტერესებულ პირებს, განაცხადების წარდგენა გორში, სამების ქუჩა N1- ში მდებარე დაწესებულებაში 24 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.